თბილისის საკრებულოს დელეგაციამ თურქეთში ქართული დასახლებები მოინახულა
თბილისის საკრებულოს დელეგაციამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოინახულა თურქეთში არსებული ქართული დასახლებები. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან ბექა ოდიშარიასთან და ამავე კომისიის წევრთან გურამ ნიკოლაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სოფლებში, სადაც ქართველები XIX საუკუნის ბოლოს დასახლდნენ და სადაც დღემდე ქართული წარმომავლობის მოსახლეობა ცხოვრობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
საკრებულოს წევრებმა მოინახულეს ორჰანგაზისა და იზნიქის მუნიციპალიტეტებში მდებარე ქართული სოფლები და შეხვდნენ ადგილობრივ ოჯახებს.
აღნიშნული დასახლებები თურქეთში ქართული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სოფლებში შემორჩენილია ტრადიციული არქიტექტურა და ისტორიული განაშენიანება, რაც ნათლად ასახავს ქართული ყოფისა და კულტურის კვალს. წლების განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ შეინარჩუნა ქართული ენა, ფოლკლორი და ტრადიციები, ხოლო თემური თვითორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქართული კულტურული ასოციაციები.
თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის მიწვევით იმყოფება.