Loading data...
თბილისის მერთან პირისპირ შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ

„12 ნოემბრიდან ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით მოქალაქეები დეტალური ინფორმაციის მიღებას მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის გარდა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ყველა სოციალურ პლატფორმაზე მიმდინარეობს.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, თბილისის მერიაში მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. ჩვენ ისედაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, ვესაუბრებით თბილისელებს სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, არ გავურბივართ პრობლემებსა და გამოწვევებს. ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროცედურებია ამისთვის მანამდე გასავლელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობით მომდევნო ოთხ წელში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

„განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი დედაქალაქის მოსახლეობას თანადგომისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცხადებული ნდობა, რასაც კონკრეტული გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებთ. მომდევნო ოთხ წელში მასშტაბური, ამბიციური პროექტები იგეგმება. თქვენი ჩართულობით ჩვენი დედაქალაქი უკეთესი გახდება, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტი რეკრეაციული სივრცით, ახალი დიზაინის ქუჩებითა და გამზირებით, განახლებული კომუნიკაციებით და ა.შ. ჩემს თანაგუნდელებს კი წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.