თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა. სამუშაოები ნაძალადევის გამგეობამ აწარმოვა.
პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო საპარკო ინფრასტრუქტურა, ბავშვთა გასართობი სივრცე, დასასვენებელი პავილიონი, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები.
„ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში პატარა სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. დიდი სივრცე არ არის, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარზეა საუბარი, თუმცა მაქსიმალურად მოხდა სივრცის ათვისება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს, მოეწყო შადრევანი, სარწყავი სისტემა, მთლიანად შეიცვალა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერები და ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგდა. ძალიან სასიამოვნო გარემოა შექმნილი. ირგვლივ ბევრი ოჯახი ცხოვრობს და ძალიან კარგია, რომ აღნიშნული სივრცე მოწესრიგებულია. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ, გაერთონ და ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი, დაირგო ხეები და ბუჩქები.
სკვერის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 150 000 ლარი დაიხარჯა.
შესრულებულ სამუშაოებს, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი გაეცნენ.