თბილისის მერმა GWP-ის მფლობელი კომპანიის - „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა
თბილისის მერი კახა კალაძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100-პროცენტიანი წილის მფლობელი კომპანიის - „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორს სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის მნიშვნელობას.
„ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და ბევრ პროექტს ერთად ვახორციელებთ. ზოგადად, თბილისი ძველი ქალაქია და მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, რაც ერთად გავაკეთეთ, ამდენი არასდროს გაკეთებულა. შემდეგ ოთხ წელში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის, რომ ერთად მოვაწესრიგებთ სხვადასხვა გამზირსა და ქუჩას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
თბილისის მერთან შეხვედრას ესწრებოდნენ „აქუალიას“ რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, „აქუალიას“ ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი, GWP-ის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, ამავე კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე და ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე.