თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2022 წელს, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო, რაც საარჩევნო დაპირება იყო.
„აღნიშნული პროგრამა წელსაც გრძელდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღონ. პროგრამის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს.