Loading data...
თბილისის მერია: მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაში შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, 23 აგვისტოდან, რეაბილიტირებულ ქუჩებზე მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მარშრუტებით:

🔵 №467 – მოემსახურება ნეკრესის, დაისის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, გობრონიძის ქუჩასთან დააკავშირებს

🔵 №499 – მგზავრებს გურიის, იაკობის, ტაძრისა და ბორჯომის ქუჩებიდან მიიყვანს „ახმეტელის თეატრთან“, გობრონიძის ქუჩაზე. აღნიშნული მიკროავტობუსი რეაბილიტაციის შემდეგ მოემსახურება რაჭის ქუჩის მოსახლეობასაც

🔵 №461-ის მარშრუტი, რომელი ამჟამად ემსახურება საზანოს, 26 მაისის და ზნაკვის ქუჩებს ვარდისუბნის ქუჩის კვეთამდე, ახალი სქემით ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდე გაგრძელდება

🔵 №500 – მოემსახურება მარატ ნოზაძის, გამარჯვების, გურიის და გრემის ქუჩებს იაკობის ქუჩის გადაკვეთამდე და მგზავრებს დააკავშირებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩასთან

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ახალი მარშრუტების ამოქმედებით ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითად სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით სარგებლობას უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.