თბილისის მერია: დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია
დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.
„საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.
ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 0322 722222“, - ნათქვამია განცხადებაში.