თამარ ზოდელავა მცირე გრანტების საჯარო კონკურსზე: 247-მა განაცხადმა დააკმაყოფილა ფორმალური შესაბამისობა და გადაეცა საბჭოს, ნებისმიერ განაცხადს აქვს თანაბარი შესაძლებლობა - იდეაზე და კრიტერიუმებზე დაფუძნებით, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ მცირე გრანტების საჯარო კონკურსთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 247-მა განაცხადმა დააკმაყოფილა ე.წ. ფორმალური შესაბამისობა და 11 ოქტომბრის ჩათვლით საგრანტო განაცხადების განმხილველ საბჭოს გადაეცა გადაწყვეტილების მისაღებად.
„ძალიან დიდი მომართვიანობა იყო, ეს არის ახალი ინიციატივა და შესაბამისად გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ისარგებლოს. 403 განაცხადი იყო, რომელიც ჩვენ პირველად გამოვაქვეყნეთ, საქმის წარმოებაში დარეგისტრირდა 346 განაცხადი, იქ იყო დუბლირება და შესაბამისად 346 იყო, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, ხოლო 247-მა დააკმაყოფილა ე.წ. ფორმალური შესაბამისობა და გადაეცა საბჭოს. სწორედ 247 განაცხადზე საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას უკვე მომდევნო კვირაში“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენი საგრანტო განაცხადის დაკმაყოფილება შეუძლია სააგენტოს, ზოდელავამ უპასუხა, რომ ყველა განაცხადს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მოხდება იდეაზე და კრიტერიუმებზე დაფუძნებით.
„ეს არის კონკურსი, შესაბამისად, ეს არის იდეათა კონკურსი, ამდენად წინასწარ ამის თქმა, რამდენი იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ რთულია, მაგრამ ნებისმიერ განაცხადს, რომელიც გადაეცა საბჭოს, აქვს თანაბარი შესაძლებლობა, ხოლო უკვე იდეაზე და იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.