Loading data...
თამარ მემანიშვილი: აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, „იმედის დღის“ ეთერში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განმარტებით, ცვლილება შეეხო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსების სისტემას, კერძოდ, გაუქმდა არსებული საგრანტო კონკურსი. შესაბამისად, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების I და II საფეხურებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

თამარ მემანიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, აბიტურიენტებს შეუძლიათ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები აირჩიონ, ასევე, მათ, წელს პირველად, პროფესიული პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც მიეცემათ.

„წელს მოქმედებს ე.წ. საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამებთან ერთად შეუძლიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევაც. კერძოდ, საუბარია IV და V დონის პროფესიულ პროგრამებზე, რომელთათვისაც აუცილებელია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, აბიტურიენტებს აქვთ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო პროფესიულ დაწესებულებებში პროგრამების შეუზღუდავი რაოდენობით არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანში აბიტურიენტი შეზღუდული არ არის“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყება აპრილის დასაწყისში, რომელიც 1 თვეში დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.