Loading data...
თამარ მახარაშვილი: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას - რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით

„საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ.

რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით.

მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეები ცალ-ცალკე სწავლობენ საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას. აქ სასწავლო პროცესი ქრონოლოგიურ პრინციპს ეფუძნება. მე-10 კლასში კი საქართველოს ისტორიის სწავლების განსხვავებული მიდგომაა შემოტანილი, რომელიც „მსოფლიო ისტორიის“ პროცესებთან შესაბამის კავშირებს ქმნის“, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, თემატური პრინციპით აგებული სახელმძღვანელო მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ისტორიული პროცესები სხვადასხვა ჭრილში განიხილოს და ერთმანეთთან დააკავშიროს.

„მე-10 კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი თემაა „პიროვნება და ისტორია“. შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია ისტორიულ პიროვნებებსა და მათ დახასიათებაზე. შემდეგ მოდის საზოგადოებრივი წყობა, ურთიერთობები, სახელმწიფოს მოწყობა და სხვა თემები. ეს მიდგომა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ისტორიული პროცესები სხვადასხვა ჭრილში განიხილოს და ერთმანეთთან დააკავშიროს.

კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, რომ მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შემთხვევაში თემების მიხედვით არის დალაგებული ისტორია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაშალოს სახელმძღვანელო და თავადაც ნახოს ეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ მახარაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმძღვანელოში ისტორიული წყაროების გამოყენებისა და საზოგადოების მხრიდან უკუკავშირის მიღების მნიშვნელობაზე.

„საქართველოს ისტორიაში წარმოდგენილი გვაქვს ისტორიული წყაროებით გამდიდრებული მასალები, რაც მოსწავლეებს ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების შესახებ ინფორმაციის გააზრებაში ეხმარება. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნებების მიერ გამოითქვა უკმაყოფილება, თუ რატომ ვსაუბრობთ ფარნავაზზე, ქუჯიზე, ერეკლე მეორეზე - ამ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკიდან უკვე ჩანს მათი დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის მიმართ და ამას პასუხსაც არ გავცემთ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კვალიფიციურმა ექსპერტებმა შეიმუშავეს სახელმძღვანელოები, ჩვენ ღია ვართ უკუკავშირის მისაღებად. ამისთვის ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა. პირველი ოქტომბრიდან ყველას - დარგის სპეციალისტს, ექსპერტს, მასწავლებელს, მშობელს, მოქალაქეს - შეეძლება გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრება თითოეულ საკითხზე, თემაზე, პარაგრაფზე, თუ ილუსტრაციაზე.

ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ რა შეიძლება იყოს უკეთესად ფორმულირებული. სწორედ ამიტომ, ერთი წელი გვექნება საპილოტე პროცესი, რაც გულისხმობს, უკუკავშირების მიღებას და საჭიროების შემთხვევაში მათ გათვალისწინებას“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.