სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; დაბინძურებული ინვენტარი; თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკისშემცველი მეთოდით.
აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.