სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ გეგუთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს ,,რაგოშიც” (ს/კ 419617258; მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამტრედია). ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე, არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სააგენტოს აღიარება.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.