სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ფიზიკური პირი ნ.თ. ( მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების (კუპატი) წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.
შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.