სურსათის ეროვნული სააგენტო: Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის Picot კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ.
„იდენტიფიცირებული პარტიებია: Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G – 8000003297; Picot 2 800G – 8000003280.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ასევე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.
შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან თუ უკვე შეძენილი აქვთ.
ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) – Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა.