Loading data...
სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, მთავრობის სხდომაზე რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. 

ქედის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლის მშენებლობა იწყება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინასატენდერო პროცედურები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბინები 100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.

სოციალური სახლების მშენებლობები აქტიურად გრძელდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. აჭარაში, ჯამში, 2000-ზე მეტ ეკომიგრანტ და სოციალურად დაუცველ ოჯახს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა კეთილმოწყობილი, გარემონტებული საცხოვრებელი ბინები.

მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხანძრითა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით 2 522 857 ლარს მიიღებენ. ფინანსურ დახმარებას ხუთ მუნიციპალიტეტში 205 ოჯახი მიიღებს. მიმდინარე წელს, სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, 7 მილიონ ნახევარ ლარამდე გამოიყო საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებში, 700-მდე ოჯახს გაეწია დახმარება.

აჭარაში მნიშვნელოვანი სიახლეებია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც.

ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების, ხელოვნურსაფარიანი ოთხი სტადიონი აშენდება. უკვე დაწყებულია წინასატენდერო პროცედურები.

დაბა ხულოში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სპორტული სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია. ასევე, საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, ღორჯომის ხეობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაწყებულია.

შუახევის მუნიციპალიტეტში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი აშენდა. ყველა შესაბამისი პროცედურა უკვე დასრულებულია და მომავალი კვირიდან რეგიონს კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი ოფიციალურად შეემატება.