Loading data...
სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ფიფია და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

საუბარი ასევე შეეხო სამართალდამცველების მიერ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგადაც, ჯამში, ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა გამოვლინდნენ დანაშაულში მონაწილე სხვა პირები და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.

ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია.

მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს.

ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.