Loading data...
სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის შს მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან - ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, ასევე, სამომავლო გეგმებს.

ორი ქვეყნის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - რონი მესხი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერჟან სადენოვმა, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლაში მაღალი შედეგების მიღწევისათვის, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

მათ შორის: მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით კიკნაძე და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები.