Loading data...
სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება

დიღომში სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა აშენდება.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე სასპორტო განათლებისა და სპორტის სფეროში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას, ასევე ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

პროექტი მოიცავს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელ კამპუსსაც.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სპორტის უნივერსიტეტის რექტორი ტრისტან გულბიანი.

„თანამედროვე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა აუცილებელი პირობაა საქართველოსთვის პროფესიული კადრების მომზადებისა და სპორტის სფეროში ახალი ცოდნისა და გამოცდილების დანერგვისთვის. ეს ყველაფერი აუცილებელია როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შენობის ფუნდამენტში სიმბოლური კაფსულა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტრისტან გულბიანთან და სამშენებლო კომპანია „Vr Vake Towers-ის“ თანადამფუძნებელ ნინო სუთიძესთან ერთად ჩადო.

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის - „საუნივერსიტეტო სპორტული ქალაქის“ - ნაწილია. სპორტული ქალაქის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა.

სპორტის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელ კამპუსის გარდა, „საუნივერსიტეტო სპორტული ქალაქის“ პროექტი ითვალისწინებს: სპორტის სამინისტროს, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და ქართული სპორტის განვითარების ფონდის ადმინისტრაციულ შენობას, სპორტის კოლეჯის შენობას, სპორტის მუზეუმს, პარალიმპიურ ცენტრს, ფარიკაობის, ბადმინტონისა და მაგიდის ჩოგბურთის დარბაზს, ტირის შენობას, აღმოსავლური ორთაბრძოლების დარბაზს, MMA-ის დარბაზს, ხელბურთის დარბაზს, კლდეზე ცოცვის ცენტრს.

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტს სამშენებლო კომპანია „Vr Vake Towers’’ ააშენებს.

ღონისძიებას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, ფედერაციების, სპორტის სამინისტროსა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.