Loading data...
სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - ტკიპებისგან თავდაცვის წესები და დაავადების სიმპტომები

ზაფხულის სეზონზე ბუნებაში დასვენების პარალელურად, ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

„საქართველოში ყველაზე ხშირი ტკიპით გადაცემადი დაავადება არის ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება. შედარებით იშვიათი არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ადამიანებს ენიშნებათ ადეკვატური მკურნალობა სპეციალური მედიკამენტებით“, - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ინფექციონისტების განმარტებით, დაუშვებელია ნაკბენზე ზეთის ან სპირტის გამოყენება.

„მაღალმთიან რეგიონებში არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ტკიპები. ნესტიან ადგილებში არის უფრო ლაიმის დაავადების გამომწვევი ტკიპები“, - აცხადებს ინფექციონისტი მარინა ენდელაძე. 

ინფექციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ: 👇

🔷ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება. 2 თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული

🔷სპეციალისტები, ასევე, ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას

🔷სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს

🔷ტკიპის მოშორების შემდეგ, აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება

🔷 ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების მათ შორის, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს