სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მოსწავლეებისთვის შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებისა და ლაბორატორიული საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სკოლა-ლიცეუმის „პრომეთე“ მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გასცნობოდნენ თანამედროვე ლაბორატორიულ გარემოს, კვლევით პროცესებსა და იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც ლაბორატორია სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ახორციელებს.
ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების კვლევისა და სურსათის ანალიზის ლაბორატორიები. სფეროს სპეციალისტებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს თანამედროვე კვლევითი მეთოდები, მაღალტექნოლოგიური დანადგარები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარე ლაბორატორიული პროცესები.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნიმუშების კვლევის პრაქტიკულმა პროცესმა, მოსწავლეებმა უშუალოდ ნახეს, როგორ მიმდინარეობს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რა ეტაპებს გადის კვლევა და რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტი და დროული ანალიზი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მეცნიერების, ინოვაციებისა და კვლევითი საქმიანობის მიმართ ინტერესის გაძლიერებას, პროფესიული ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი კარიერული არჩევანის ფორმირებას.