სოლომონ პავლიაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახიფათო ნარჩენების სფეროში არსებული საჭიროებები, გამოწვევები, საინვესტიციო შესაძლებლობები და სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო პროექტის მოსამზადებელ ეტაპებს, განხორციელების სავარაუდო ვადებს, სახიფათო ნარჩენების თანამედროვე ნაგავსაყრელის მოწყობისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს და თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და კოორდინირებული თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაში.
„2015 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ნარჩენების მართვის კოდექსი. კოდექსის საფუძველზე შემუშავებულია ნარჩენების მართვის 2016–2030 წლების ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლებიც განსაზღვრავს ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებს და ასახავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში. მიუხედავად პროგრესისა, კვლავ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხო დამუშავების სისტემების არასაკმარისი განვითარება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია თანამედროვე, უსაფრთხო და მდგრადი სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, წამყვანმა გარემოსდაცვითმა ინჟინერმა ფრანკ ვან ვოერდენმა აღნიშნა, საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერა ქმნის მყარ საფუძველს სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო და მდგრადი სისტემის განვითარებისათვის. მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა. შესაბამისად, არსებობს მზაობა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს და შეაფასეს სახიფათო/არასახიფათო ნარჩენების ძველი და პოტენციური განთავსების ადგილები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.