სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა
სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პროგრამის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებათა პრევენცია და მათი ადრეული გამოვლენაა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სრულიად უფასოდ გაუკეთდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები. ასევე, არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი.
კამპანიის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები, მარნეულის მუნიციპალიტეტში მაისის ბოლომდე კიდევ ორჯერ ჩატარდება.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში - ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას, არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.
სკრინინგული ღონისძიებები უკვე გატარდა აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. პრევენციულ კვლევებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ატარებს.
კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში.
დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.