სინოდის შემდეგი სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 24 აპრილს გაიმართება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელი სხდომა ეღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას.
„სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელმწოდებები თავად ლაპარაკობს ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი – 24 აპრილს“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამასთან, ჯაღმაიძის ინფორმაციით,სწორედ ამ სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა.