Loading data...
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ახალ რეგლამენტთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორთან შეხვედრა გაიმართა

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ რეგლამენტზე მუშაობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, უსაფრთხოების ნორმები, რომელთაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პრინციპს ეხება.

„შემუშავებული დოკუმენტი დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მოთხოვნები, რომელთაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. ბიზნესის წარმომადგენლებმა ცვლილებების ინიციატორებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

ახალ რეგლამენტებზე მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრა ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია და მთავრობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენელიც ესწრებოდა“, - აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.