Loading data...
შიო მესამე: სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას, სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება, ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ

„სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას. სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ადამიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ დროებითი მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის.

„მომავალ სამსჯავროზე ჩვენ მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი. მინდა განსაკუთრებული სიყვარული გამოვთქვა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. მე ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება, თურმე როგორც ყოფილა ღვთის ნება საპატრიარქო მსახურებისთვის“, - აღნიშნა შიო მესამემ.

სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა იქადაგა და მრევლი აზიარა.