Loading data...
შიო მესამე: დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს, მათ, ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა, ერთიანობისა და მშვიდობისათვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვასა და ბრძოლას თავისუფლებისათვის, ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისათვის. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი“, - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

„თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, სამხედრო მოსამსახურენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელნო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვასა და ბრძოლას თავისუფლებისათვის, ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისათვის.

1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი.

დამოუკიდებლობის მოპოვებისა და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.

ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ „ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი“ (ინ. 8, 32). ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნული გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია, არამედ ის, უპირველესად, ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება, რწმენის, მოყვასის, სამშობლოსა და სიმართლის მსახურება. 

დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს, მათ, ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისა და მშვიდობისათვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.

ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად.

წელს აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენს ხალხს ასწავლა თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაცდელის ჟამს და სამშობლოსათვის თავგანწირვა. 

ამ ღირებულებებით განმსჭვალულმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილს და ქრისტეს რწმენით განმტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არათუ გადარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო სულიერებისა და კულტურის საგანძურში.

დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებასა და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებსა და ჭეშმარიტ თავისუფლებას.

ასევე, მინდა, მივმართო ჩვენს მომავალ თაობას. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი“ (გალ. 5, 13), თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე! ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ, რომ თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებებისა და ვალდებულება, აკეთო ის, რაც მართებული და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 

თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობასა და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნებისა და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება. 

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო. ამინ!“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.