Loading data...
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენელთა ინფორმირება წარმოადგენდა იმ სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების შესახებ, რომლებიც ციფრულ სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა, დიმიტრი გუგუნავამ, მონაწილეებს ვებ-მისაწვდომობის ახალი რეგულაცია, მისი პრაქტიკული მნიშვნელობა და ის სტანდარტები გააცნო, რომელმაც ციფრული სერვისები უფრო ინკლუზიური უნდა გახადოს.

აღინიშნა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობასთან დაკავშირებული ცვლილებები, ძალაში 2027 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.

აღნიშნული გარდამავალი პერიოდი საჯარო და კერძო დაწესებულებებს აძლევს შესაძლებლობას, შიდა რესურსების დროული და ეფექტიანი მობილიზებით შესაბამისობაში მოიყვანონ სამართლებრივი თუ პრაქტიკული მექანიზმები ახალ სტანდარტთან.

თანამედროვე რეალობაში თანაბარი მისაწვდომობა მხოლოდ ფიზიკური გარემოს აღარ გულისხმობს და მოიცავს ციფრულ სივრცესაც - ვებსაიტებს, აპლიკაციებს, ელექტრონულ სერვისებსა და ონლაინ შინაარსს.პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ციფრული პროდუქტების გამოყენებას ამარტივებს, მათ შორის: ეკრანის წამკითხველებთან თავსებადობა, კლავიატურით ნავიგაცია, ტექსტის მასშტაბირება, აუდიომასალის ვიზუალური ალტერნატივები და მარტივი, პროგნოზირებადი ინტერფეისების მნიშვნელობა.

საინფორმაციო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა.