შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს
2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ინფორმაცია გამოცდების დეტალური განრიგის შესახებ იხილეთ ბმულზე.