შალვა პაპუაშვილი: მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა - ვცდილობდით, სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა
ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა, ვისმენდით, თუ როგორ აფასებენ მის ღვაწლს, როგორ სცემენ პატივს მის წვლილს ქრისტიანულ სამყაროში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პატრიარქთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა.
„ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი შეეცადა ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა. ამის მოწმენი გავხდით ყველანი, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა. ეს იყო მომენტი, როდესაც მთელი ერი იყო ერთიანი ამ მწუხარებაში და ყველა ვცდილობდით, რომ ჩვენი უმცირესი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა.
ვნახეთ ასევე ეკლესიური ერთობა, რელიგიებს შორის ერთობა, როდესაც, როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების, ისე ზოგადად ყველასგან, ვინც საქართველოს, მის ეკლესიას, მის პატრიარქს იცნობდა, მწუხარების სიტყვები მოვისმინეთ. მართლაც, ისტორიული პიროვნება იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა, ვისმენდით, თუ როგორ აფასებენ მის ღვაწლს, როგორ სცემენ პატივს მის წვლილს ქრისტიანულ სამყაროში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.