Loading data...
სარფი–ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.

შეზღუდვის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი, რის შედეგადაც ჩამოიშალა გზის გამაგრებული გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.

შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:

სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.

მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს.