Loading data...
სარჯველაძე: ჩვენი მიზანი არ გახლავთ, პრობლემა შევუქმნათ რომელიმე ბენეფიციარს ხელმისაწვდომობის კუთხით, პირიქით, შევეცდებით, ჩანაცვლებითი თერაპია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით

„ჩვენი მიზანი არ გახლავთ, პრობლემა შევუქმნათ რომელიმე ბენეფიციარს ხელმისაწვდომობის კუთხით. პირიქით, შევეცდებით, ჩანაცვლებითი თერაპია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, მათ შორის გეოგრაფიული
თვალსაზრისით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სერვისი ხორციელდებოდეს ქალაქის შუაგულში, მაგალითად, იქ, სადაც ბავშვები იყრიან თავს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი მიზანი არა ნარკომომხმარებლებთან ბრძოლა, არამედ, ამ საკითხით „ხელის მოთბობის“ მსურველთა და კომერციული ინტერესების დამარცხებაა.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ასევე, სრულად აიკრძალება კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიც, იმპორტსა და რეალიზაციას სახელმწიფო განახორციელებს.