საქართველოში ტურისტული ვიზიტები 6 თვეში რეკორდულად გაიზარდა

საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში 3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა +4.4%-ია. იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,270,363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც, აპრილ-ივნისის პერიოდში 1,311,416 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +10.7%-ით მეტია. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტებს, მეორე კვარტალში 1,838,913 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.
ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა - ვიზიტორთა ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
2025 წლის პირველ ორ კვარტალში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა.
საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი (+28.2%; +3,006 ვიზიტით მეტი), იტალია (+26.1%; +2,271 ვიზიტით მეტი), ესპანეთი (+25.9%; +1,638 ვიზიტით მეტი), გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტით მეტი), პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტით მეტი), გერმანია (+4.2%; +1,296 ვიზიტით მეტი) და სხვა.