Loading data...
საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის პერიოდი 3 წლამდე გაახანგრძლივა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა სამ წლამდე ვადით გაუხანგრძლივდათ. შესაბამისი ცვლილება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

უფრო კონკრეტულად, 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, ჩაიწერა, რომ „ უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“.

მანამდე, ეს პერიოდი ერთი წლით შემოიფარგლებოდა, ხოლო 2023 წლის თებერვალში 2 წლამდე გაიზარდა.

ცვლილება არ შეხებიათ სხვა ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ დარჩენა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში უკრაინის 27 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა.