საქართველო კავკასიის ეკოკორიდორების ფონდის რეგიონულ საკონსულტაციო ფორუმს მასპინძლობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი კავკასიის ეკოკორიდორების ფონდის (ECF) II ფაზის ფარგლებში გამართულ რეგიონული საკონსულტაციო ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ფორუმი თბილისში იმართება და მასში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გარემოსდაცვითი სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„ბოლო თვეებში საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა 14.6%-მდე გაიზარდა და ქვეყნის ტერიტორიის 1 მილიონ ჰექტარს გადააჭარბა. პროექტის ფარგლებში ადიგენის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში წარმატებით შეიქმნა მცირე კავკასიონის დამაკავშირებელი ლანდშაფტები.
პროცესში ჩართული იყო 23 ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია, რომელთა მთავარი მიზანია ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტების დაცვა როგორც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე, ისე მათ მიღმა.
ეკოკორიდორების პროგრამა სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ და საერთაშორისო გარემოსდაცვით ვალდებულებებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებაში“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ეკო-რეგიონული კორიდორების პროგრამის მეორე ფაზის შედეგები შეაჯამეს და იმსჯელეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პროგრამის განხორციელების შედეგად ბიომრავალფეროვნებისა და ადგილობრივი თემებისთვის მიღწეულ შედეგებზე. ასევე, მიმოიხილეს კავკასიის ეკოკორიდორების ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სხვა ეფექტიანი კონსერვაციული ღონისძიებების (OECMs) განხორციელების გამოცდილებასა და პერსპექტივებს, ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს.
მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ECF-ის მესამე ფაზისთვის განსაზღვრული ეკო-რეგიონული კორიდორები, არსებული და სამომავლო სათემო საკონსერვაციო ტერიტორიების მდგრადობის მხარდაჭერის მექანიზმები, მათი ინსტიტუციური აღიარების ხელშეწყობის საკითხები და ECF-ის აქტივობებისა და მათი გავლენის მონიტორინგი, როგორც პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
ეკოკორიდორების პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შერჩეულ ეკოდერეფნებში მიწის მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას, დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური კავშირების გაძლიერებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
ამასთან, პროგრამა უზრუნველყოფს თემზე დაფუძნებული ბუნებრივი რესურსების მართვის გრძელვადიან მხარდაჭერას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კავკასიის ეკოკორიდორების პროგრამას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისი ახორციელებს. პროგრამა ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, KfW განვითარების ბანკის მეშვეობით, ხოლო პროექტის საკონსულტაციო მხარდაჭერას „GOPA Worldwide Consultants“ უზრუნველყოფს.