საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დააკმაყოფილა შუამდგომლობა არქიმანდრიტ დოროთესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით თუ ამბიონიდან ქადაგებებისას, გამუდმებით გამოთქვამდა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების თუ ცალკეული სასულიერო პირების მისამართით უსამართლო ბრალდებებს და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღნიშნულის გამო, ამ წლის 16 სექტემბერს მასთან შედგა გასაუბრება, სადაც მან განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა და შეწყვეტდა მსგავს განცხადებებს, თუმცა ეს პირობა 28 სექტემბერს დაარღვია.
ამის შემდეგ იგი ორგზის იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზეც, რომელზეც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ერთხელ საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. შემდეგ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, არქიმანდრიტ დოროთეს კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი, რომელშიც იყო შეგონება და ქრისტესმიერ ძმობაში დაბრუნებისკენ მოწოდება(რომელსაც ვასაჯაროებთ). თუმცაღა, მიუხედავად ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, არქიმანდრიტმა დოროთემ კვლავ გააგრძელა უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები საეკლესიო იერარქების მიმართ, რის გამოც, იგი ისევ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს.
გამომდინარე იქიდან, რომ არქიმანდრიტმა დოროთემ კომისიაზე დაბარების ცნობის მიღების შემდეგ, ქადაგებისას და, ასევე, სატელევიზიო გამოსვლებისას კვლავ გამოთქვა ეკლესიის იერარქების მისამართით შეურაცხყოფა და უსამართლო ბრალდებები, 15 დეკემბერს, ქორეპისკოპოსების, სინოდალური კომისიის წევრი მღვდელმთავრების, აგრეთვე ცალკეული სასულიერო პირების - საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერისა და პატრიარქის მდივნის მიერ გადაწყდა, შუამდგომლობით მიემართათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის არქიმანდრიტ დოროთესთვის (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე. მისმა უწმინდესობამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.