1791133962
საზოგადოება
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა.
თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ მედიცინის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა დარგის წარმომადგენლები.
- რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის აკადემიკოს-მდივანი. 1992–2005 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას. არის 12 სახელმძღვანელოსა და 10 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი; გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამედიცინო განათლების განვითარებაში და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ აღზრდაში. მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიითა და საერთაშორისო ღირსების ორდენით;
- დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაცული აქვს ორი სამეცნიერო დისერტაცია, მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. წლების მანძილზე იკავებდა დეკანის პოზიციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღდგენილი მედიცინის ფაკულტეტზე. არის თერაპიის სპეციალობაში კომპეტენციათა ნუსხისა და კლინიკური მდგომარეობის მართვის შვიდი სახელმწიფო სტანდარტის ავტორი; საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; აღზარდა ექიმთა არაერთი თაობა. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე სამეცნიერო გამოგონება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
- მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის აღდგენაში, შენახვასა და შემდგომი თაობებისთვის გადაცემაში. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სტუდია „მელოდიასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ასევე იყო საქართველოს რადიოსა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხმის რეჟისორი. ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“;
- ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე წარმოადგენდა, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე. არის ევროპის ჩემპიონატის 17-გზის და მსოფლიო ჩემპიონატის შვიდგზის გამარჯვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგზის მფლობელი. ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“, ასევე ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენებით;
- ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა პოპულარულ ამერიკულ ტელევიზიებთან, იყო წამყვანი, ჟურნალისტი და კორესპოდენტი. იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა სახელმწიფო უწყებებში. მისი ავტორობით ითარგმნა და გამოიცა ამერიკელ კლასიკოს მწერალთა ნაწარმოებები;
- ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული ეკონომიკური სკოლის წარმოჩენაში. სხვადასხვა დროს იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობებს, მათ შორის, იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 1993-2000, ხოლო თსუ-ს რექტორი 2013-2016 წლებში; მის სახელს უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება. არის პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემების სარედაქციო საბჭოს წევრი. გამოცემული აქვს 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მის შესახებ დიდ ბრიტანეთში დაიბეჭდა საცნობარო-ენციკლოპედიური ხასიათის ორი წიგნი. არის საზღვარგარეთ მოქმედი რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. იკავებს დიდი ბრიტანეთის სამეფო ეკონომიკური საზოგადოების საპატიო წევრის პოზიციას;
- ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი; თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი; მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი; არჩეულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად და აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედ; იყო საქართველოს პარლამენტის წევრი;
- ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების დამფუძნებელი, კუზანოვის კლინიკის მმართველი და პლასტიკური ქირურგი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის განვითარებასა და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის დამკვიდრებაში. მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამედიცინო საქმიანობისა და ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
- ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი, საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა პოლიტიკურ და სამეცნიერო აკადემიურ თანამდებობებს. მისი პროფესიული საქმიანობა საქართველოში კონსტიტუციური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განვითარებას უკავშირდება. მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
- იური ოსიპოვი - მოფარიკავე. არის საქართველოს, სსრ კავშირის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების (მელბურნი) ვერცხლის მედალოსანი; საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება და ღირსების ორდენი, არის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი;
- კირა ანდრონიკაშვილი - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე. ითამაშა ფილმებში - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ერთი ცის ქვეშ“, „მთვარის მოტაცება“, „სინემა“;
- რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ მომზადებაში. არის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მრავალი წელა ხელს უწყობს თანამედროვე ქართული კულტურის დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. შემოქმედებითი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს საპატიო წოდება -„ხელოვნების ქურუმი“. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მხატვრულ-პროზაული ნაწარმოების ავტორი;
- მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი. მისი თაოსნობით მოიხატა და აღდგა არაერთი და საერო სასულიერო ნაგებობა, მათ შორის საქართველოს ეკლესია-მონასტერი. აქტიურად იყო ჩართული თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი სივრცეების მხატვრულ გაფორმებასა და რეაბილიტაციაში. მრავალი წელია საკუთარ ცოდნას უზიარებს მხატვარ-რესტავრატორთა ახალ თაობებს და მნიშვნელოვან როლს ქართული სახვითი და მონუმენტური ხელოვნების განვითარებაში, ასევე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში;
- ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი. მრავალი წლის განმავლობაში უძღვებოდა სხვადასხვა ჟანრის სატელევიზიო გადაცემებს. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი. მის სახელს უკავშირდება არაერთი სახასიათო როლის შესრულება. ტელევიზიისა და რადიოს არქივებში დაცულია მის ლექსებზე შექმნილი 70-ზე მეტი სიმღერა, ასევე, სატელევიზიო და რადიოსპექტაკლებში განსახიერებული 50-მდე როლი. მისი პოეტური ნაწარმოებები შეტანილია თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიებსა და ენციკლოპედიურ გამოცემებში. მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, თბილისის მერიის საპატიო სიგელი და მედალი „ქართული კულტურის ამაგდარი“. 2021 წელს მთაწმინდის პარკში ირმა გურიელის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა;
- იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მის ღირსეულ წარმოჩენაში. შესრულებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი საოპერო პარტია. მის სახელს უკავშირდება გამორჩეული სცენური სახეების შექმნა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შემოქმედებითი თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა საგალობელი „ავე მარია“. 2025 წელს საოპერო ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების გაძლიერებისთვის დაჯილდოვდა იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით;
- გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი, 23-ე სამუსიკო სკოლის დირექტორი 1976-79 წწ; საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირექტორი -1980-85 წწ; 1979 წლიდან დღემდე არის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; მისი მრავალწლიანი საქმიანობა დაკავშირებულია მუსიკალური განათლების ხელშეწყობასთან და ამ სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრებასთან. მისი უშუალო მონაწილეობით მრავალმა ნორჩმა მუსიკოსმა გაიკვალა გზა დიდ სცენებაზე. აქტიურად არის ჩართული სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებაში. მისი ღვაწლი აღიარებულია სახელმწიფო დონეზე. მას მინიჭებული აქვს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება და ღირსების ორდენი;
- დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის დირექტორი; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ენდოკრინოლოგიური სამსახურის განვითარებასა და თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების დანერგვაში. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული სამეცნიერო ასოციაციის წევრი და ექსპერტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
- მურმან გელენიძე - მხატვარი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული შრიფტების შექმნასა და სრულყოფაზე. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ანბანის სამი სახეობის გრაფიკული მოხაზულობის კვლევაში და მათ საფუძველზე, გამარტივებული ასო-ნიშნების ჩამოყალიბებაში. არის ავტორი სხვადასხვა პერიოდში გამოცემული ლიტერატურის მხატვრული გაფორმებისა. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში. მის პერსონალურ გამოფენას საფრანგეთი მასპინძლობდა. ქართული სახვითი ხელოვნებისა და შრიფტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
- ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საინჟინრო მეცნიერების განვითარებაში და სამთო-საინჟინრო დარგის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში. წლების მანძილზე ეწეოდა მიწისქვეშა ნაგებობების, გვირაბმშენებლობის, ქანების მექანიკისა და სამთო საინჟინრო საკითხების კვლევას. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა პრესტიჟულ აკადემიურ ცენტრებთან. მის სახელს უკავშირდება ინჟინერთა ახალი თაობების აღზრდა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ეროვნული პრემიით;
- ტარიელ ონაშვილი - მომღერალი, სსიპ „საქართველოს ხალხური სიმღერისა“ და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ პირველი თაობის წევრი; მისი შესრულებით ჩაწერილია არაერთი სიმღერა, რომლებიც ოქროს ფონდშია დაცული; არის ანსამბლ „მძლევარის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებით;
- გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი. იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; იყო საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობებს; ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობა თბილისის მართვის სტრუქტურაში; იყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრი სამ ოლიმპიურ თამაშებზე;
- ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი. მისი შემოქმედებითი საქმიანობა დაკავშირებულია მონუმენტური და დეკორატიული მხატვრობის განვითარებასთან. არის არაერთი, კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული, მხატვრული ნამუშევრის ავტორი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული პანო „გამარჯვება“, რომელიც სპორტკომპლექს „ქარიშხალასთვის“ შეიქმნა. მისი მხატვრული შემოქმედება სახელმწიფო დონეზეა აღიარებული. არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი;
- თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი. მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიის სფეროს განვითარებასთან. მისი უშუალო მონაწილეობით არაერთი ახალშობილი მოევლინა ქვეყანას. არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი; ევროპისა და მსოფლიოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი. გამოცემული აქვს 50 -მდე სამეცნიერო ნაშრომი;
- ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი. არის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) სამეცნიერო საბჭოსა და UWW-ის ევროპის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ჭიდაობის განვითარებასა და საქართველოში მსაჯის პროფესიული სტანდარტების გაძლიერებაში. იყო უმაღლესი დონის საერთაშორისო შეჯიბრებების, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მსაჯი და ინსტრუქტორი. მოპოვებული აქვს არაერთი სპორტული წარმატება და ჯილდო. იკავებს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის აპარატის უფროსის პოზიციას;
- ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამედიცინო სფეროს განვითარებასა და ახალგაზრდა ექიმთა პროფესიულ აღზრდაში. სხვადასხვა დროს ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტებში. მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სიგელით; თბილისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებით - „ღვაწლმოსილი მკურნალი“. მიღებული აქვს არაერთი მადლობის სერტიფიკატი;
- რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური თეორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა მკვლევართა და მომავალი ეკონომისტების პროფესიულ განვითარებაში. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებთან. არის ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. მისი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა არაერთი ჯილდოთი დასტურდება. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროსა და პაატა გუგუშვილის სახელობის მედალი, საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელი;
- ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობდა სტოქასტური ანალიზისა და სტატისტიკური გადაწყვეტილებების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას. არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და საქართველოს სტატისტიკის ასოციაციის წევრი. გამოცემული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით;
- გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი; თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე; 2017 წლიდან საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, შემდეგ ამავე ფაკულტეტის დეკანი; 2009 წლიდან დღემდე კითხულობს სალექციო კურსებს;
- ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული; შექმნილი აქვს არაერთი ლექსი თბილისზე, მათ შორის ავტორია დედაქალაქზე შექმნილი სიმღერის ტექსტის - „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“ „ვერ აგისრულე“, „შენს მზეს ვლოცავ მეგობარო“; მის ლექსებზე ცნობილ ქართველ კომპოზიტორებს შექმნილი აქვთ არაერთი სიმღერა;
- რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მაღალ აკადემიურ თანამდებობებს. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში ტექნიკური მეცნიერებებისა და საინჟინრო განათლების განვითარებასთან. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია ხელოვნური ინტელექტის სფეროს შესახებ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლით;
- გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვან გარდატეხებთან. არის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების შემქმნელი, სატელევიზიო საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და აქტიური მონაწილე. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივი წიგნიერების დონის ამაღლებაში, ქართული ენისა და ლიტერატურის დაცვასა და პოპულარიზაციაში. გამოცემული აქვს არაერთი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომი;
- ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ამავე უნივერსიტეტის რექტორი - 2015-2024 წწ. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში სპორტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტული განათლების განვითარებაში. გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია, რვა სახელმძღვანელო და 75 სამეცნიერო ნაშრომი. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია საპატიო წოდებებით, ჯილდოებითა და პრემიებით. 2023 წელს მიენიჭა ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIEPS Europe) ტიულინის პრემია (Thulin Awards).