საკრებულოში ღონისძიება - „ქალები მეცნიერებაში – თსუ-ის მემკვიდრეობა“ გაიმართა
თბილისის საკრებულოში ღონისძიება - „ქალები მეცნიერებაში – თსუ-ის მემკვიდრეობა“ გაიმართა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქალებს მიეძღვნა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართული ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქალებს. იმ ქალებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული მეცნიერების განათლებისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში.
მეცნიერებაში ქალების მონაწილეობა მხოლოდ თანასწორობის საკითხი არ არის, ეს არის პროგრესის, ინოვაციისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების საფუძველი. ქართველი მეცნიერი ქალების მნიშვნელობა და ღვაწლი სცდება უნივერსიტეტის კედლებს. ისინი ქმნიან ცოდნას, რომელიც ეხმარება ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში, ტექნოლოგიურ წინსვლასა და კულტურული იდენტობის გაძლიერებაში.
ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ეს მემკვიდრეობა, პატივი მივაგოთ იმ ქალებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს პროგრესს და შევქმნათ გარემო, სადაც მომავალი მეცნიერი ქალები შეძლებენ თავისუფლად, ღირსეულად და თამამად იკვლიონ, შექმნან და შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ“, - განაცხადა თინათინ
ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა მიმართა.
მოხსენებებით, ასევე, წარდგნენ თსუ-ის პროფესორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი და თსუ-ის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და მარიამ ლორთქიფანიძისა და ვერა ბარდაველიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქალების ფოტოები გამოიფინა.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.