საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელები წარმოებაში არ მიიღო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
პლენუმის გადაწყვეტილებაში კი ჩაიწერა:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ირინე იმერლიშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ, ვასილ როინიშვილმა.
ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, განჩინებას დაერთო გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებები.
კერძოდ, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობაზე.
„განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია განჩინებაში.
ხოლო თეიმურაზ ტუღუშის შემთხვევაში, საუბარია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება ენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
„განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას“, - წერია განჩინებაში.