სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშში სხვადასხვა თემასთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების საკითხი (გვ 25). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. სახელმწიფო შესყიდვების ტრანსფარენტულობის ფაქტორის ანალიზის მიხედვით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჩამორჩებოდა, თუმცა შესყიდვების კეთილსინდისიერების მიხედვით, საქართველომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას გაუსწრო და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.
სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების შეფასების 100-ბალიანი სისტემით საქართველომ 88 ქულა მიიღო და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ისლანდიას და შვეიცარიას, რომლებმაც 90 ქულის მოპოვება შეძლეს.
სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების შეფასებით, საქართველოს 3 ქულით ჩამორჩება ჩეხეთი და ესტონეთი, 4 ქულით ჩამორჩება ბელგია, 5 ქულით - ლუქსემბურგი და ბულგარეთი, 6 ქულით - დანია და საფრანგეთი, 7 ქულით ჩამორჩება შვედეთი, 9 ქულით - ფინეთი, 10 ქულით ჩამორჩება ნიდერლანდები. საქართველო 10-ზე მეტი ქულით უსწრებს საბერძნეთს, ლიეტუვას, კვიპროსს, გერმანიას, ნორვეგიას, ირლანდიას, უნგრეთს.
სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების შეფასებით საქართველოს 20 და მეტი ქულით ჩამორჩება ლატვია, რუმინეთი, ხორვატია, მალტა, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ავსტრია და იტალია. რეიტინგში ევროკავშირის მოქმედი და ყოფილი ქვეყნებიდან ბოლო ადგილებზე გავიდა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და პორტუგალია, რომლებმაც შეფასების 100-ბალიანი სისტემით 55, 50, 48 ქულა მიიღეს და საქართველოს შესაბამისად 33, 38, და 40 ქულით ჩამორჩებიან.
ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.