Loading data...
საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დანერგვის შედეგები შეჯამდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული პროექტი - „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ - შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურა.

პროექტი 2020 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა როგორც ეროვნული პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას, ისე დეგრადირებული საძოვრების აღდგენის პრაქტიკული მაგალითის ჩვენებას.

დახურვის ღონისძიება ონლაინ ფორმატით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ. მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაო და განაცხადა, რომ იგი ძლიერ საფუძველს ქმნის საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვისთვის.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ ისაუბრა საძოვრების მართვის რეფორმის პირველ ეტაპზე - საძოვრების ინვენტარიზაციასა და შეფასებაზე, როგორც ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე. მან ყურადღება გაამახვილა მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საძოვრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება აუცილებელია როგორც დეგრადაციის შემცირებისთვის, ისე გრძელვადიანი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა საძოვრების მართვის ერთიანი ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო; საპილოტე მუნიციპალიტეტებში: დმანისში, გურჯაანსა
და ყაზბეგში ჩატარდა საძოვრების ინვენტარიზაცია და შეფასება; ასევე, შემუშავდა მიწის დეგრადაციის მონიტორინგის თანამედროვე მიდგომები; საპილოტე სოფლებში შეიქმნა და გაძლიერდა საძოვრით მოსარგებლე თემების გაერთიანებები, რომლებიც საძოვრებს ერთობლივად და შეთანხმებულად მართავენ; 530 ჰექტარზე მოეწყო თანამედროვე, კონტროლირებადი ძოვების სისტემა საჭირო ინფრასტრუქტურით.

პროექტი განხორციელდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) მხარდაჭერით.