Loading data...
საქართველოში პირველად, ტყის მართვის ორგანო ჩამოყალიბდება

საქართველოში პირველად ჩამოყალიბდება ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს 12 000 ჰა ფართობი ტყის მოვლა-პატრონობას.

ამის შესახებ დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებების პრეზენტაციისას აღინიშნა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ანდრია ბასილაია უძღვებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გასული 8 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ურბანულ გამწვანებას. ამ კონტექსტში კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა მთაწმინდის ფერდის განახლების მიმდინარე სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მთაწმინდის ფერდი დედაქალაქისთვის ფილტვების ფუნქციას ასრულებს.

„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ პროექტს. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო მათ. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს იმიტომ, რომ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის დაწყებული. ეს არის მთაწმინდის ფერდის განახლების სამუშაოები, არასდროს რომ არ ყოფილა ისტორიაში თავისი სარწყავი სისტემებით და ყველანაირად მოწესრიგებული. მთაწმინდის ფერდი, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ქალაქის ფილტვებია. ფერდის გარკვეული ნაწილი რეაბილიტირებულია, ჩატარებულია გამწვანების შესაბამისი სამუშაოები. ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა, შესაბამისად, ახალი ორგანო ჩამოყალიბდება და უზრუნველყოფს ტყეების მოვლა-პატრონობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, დღის წესრიგში დადგა თბილისის ფარგლებში არსებული 12 000 ჰა ტყის მოვლა-პატრონობის განხორციელების საკითხი.

მისი თქმით, მთაწმინდის ფერდისა და მიმდებარე ტყის უბნების გადარჩენის პროექტი მომავალ წელს სრულდება და აღნიშნული ტერიტორია ისევ დედაქალაქს გადმოეცემა.

„ვთვლით, რომ სწორი დროა იმისთვის, რომ შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც ამ ტერიტორიასა და ეტაპობრივად, ამ ტერიტორიის მიღმაც, დაახლოებით 100 ჰა ფართობის რეაბილიტაციას განახორციელებს მომდევნო წლებში“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ამასთანავე, მერის მოადგილემ ისაუბრა დედაქალაქში შეთანხმებული მშენებლობების რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

„როგორც იცით, შეიცვალა კანონმდებლობა და ყველა სამშენებლო პროექტს თან ახლავს გამწვანების პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ითანხმებს. დღეის მდგომარეობით, 2 500-ზე მეტია შეთანხმებული პროექტი, რის ფარგლებშიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 60 ათასზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგვება. ეს არის ის ციფრი, რაც მუნიციპალიტეტის პროექტების გარდა, კერძო სექტორის ჩართულობით, შეემატება დედაქალაქს მწვანე ნარგავების სახით“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისი თქმით, გამწვანებული სივრცეების ზრდასთან ერთად გაძლიერდება „ეკოსერვის ჯგუფის“ რესურსები და აღჭურვილობა.

„დღეის მდგომარეობით, „ეკოსერვის ჯგუფი“ 540 ჰა ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ახორციელებს ყოველდღიურ რეჟიმში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ფართობი 740 ჰექტარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

გამწვანების პოლიტიკაში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე საუბრისას, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ იგეგმება ეროვნული თესლის ბანკის მოდერნიზაცია, რის შედეგად გამდიდრება საქართველოს ფლორის სახეობები დამატებით 10%-ით, ასევე ეთნობოტანიკური კოლექციების შენარჩუნება და გამდიდრება.

განათლების კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აღდგება მებაღეობის ისტორიული სკოლაც.

„დავასრულეთ ახალი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში აღიჭურვება და ვიზიტორებისთვის მეტ შეთავაზებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

გარდა ამის, მან გარემოს დაცვის კუთხით რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსხვილი პროექტების მიღმა არის ასეულობით პროექტი, რომელსაც თითოეული გამგეობა ახორციელებს და ეს მიმართულება პრიორიტეტის სახით კვლავაც გაგრძელდება. შესაბამისად, მომდევნო წლებში დაგეგმილია, მინიმუმ, 20 ჰექტარზე სკვერებია და პარკების მოწყობა.