საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს.
ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.
აქამდე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა და ბრატისლავა–ქუთაისის მიმართულება ამ კუთხით პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს წარმოადგენს.
ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავიაჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. სწორედ ეს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც ტურისტული, ისე კულტურული და ეკონომიკური მოგზაურობების თვალსაზრისით.
ამჟამად Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორისაა, 2025 წლის ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულება, ხოლო წლის ბოლოს ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები ვენეციის მიმართულებითაც დაიწყო.
2012 წლიდან, საქართველოში ოპერირების დაწყების დღიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.