საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს (JMOC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა (NATO CORE TEAM) და SNGP-ის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის (MSI) ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებმა ვიზიტი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მონახულებით დაიწყეს. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ბადრი შენგელიამ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სანაპირო დაცვის, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა იურა ფირცხალაშვილმა სტუმრებს ფოთის ბაზაზე არსებული საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კუთვნილი ხომალდები და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობა დაათვალიერებინა.