Loading data...
საქართველოს რკინიგზა: ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი რეგიონში სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის, საქართველოს რკინიგზა კი იქნება ექსკლუზიური ოპერატორი“, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სამი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) ერთობლივი პროექტია, რომელიც რეგიონის ინფრასტრუქტურაში სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აშენდა, კერძოდ: მარაბდა-კარწახის მონაკვეთი 4 ახალ და 15 რეაბილიტირებულ სარკინიგზო ხიდს, 13 თანამედროვე სტანდარტების მქონე სადგურს, 34 გზაგამტარს, 8 უახლესი წევის ქვესადგურს, ლიანდაგის თოვლით დანამქვრისგან დამცავ 4 გალერეას, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბსა და ახალქალაქის თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო სარკინიგზო სადგურს მოიცავს.

ახალქალაქის სადგური ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 102 ჰექტარია. გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერის მიერ დაპროექტებული სადგური ყველა სახეობის ტვირთზეა გათვლილი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური დაკავშირებადობის გაძლიერებისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის საიმედო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის განმტკიცების მიმართულებით“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.