საქართველოს ფოსტის ციფრული ინსტალაცია - „საფოსტო მომსახურების 2-საუკუნოვანი ისტორია“

„საფოსტო მომსახურების 2-საუკუნოვანი ისტორია“, - აღნიშნული სახელწოდებით, თბილისის ციფრულ სივრცეში, საქართველოს ფოსტის ციფრული ინსტალაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საფოსტო საქმიანობის წარსული და თანამედროვეობა: საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი, ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა.
„1805 წელს, თბილისში, 2 საუკუნის წინ, საქართველოში პირველი საფოსტო დაწესებულება გაიხსნა. სწორედ აქედან იწყება საქართველოში საფოსტო მომსახურების ისტორია. მე-19 საუკუნის პირველ წლებში ქაღალდზე დაწერილი სიტყვები ურმებით გადაჰქონდათ, ამისთვის კი 120 ცხენი მუდამ მზადყოფნაში იყო. საქართველოში ფოსტა წლიდან წლამდე ვითარდებოდა. 1913 წლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 108 საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებდა და თითოეული გზავნილი ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიდიოდა. დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ორსაუკუნოვანი ისტორია გრძელდება, საქართველოს ფოსტა ისევ ემსახურება თავის პირვანდელ დანიშნულებას - დაუკავშიროს ადამიანები ერთმანეთს და შეინარჩუნოს კავშირი წარსულსა და მომავალს შორის“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.
საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.