Loading data...
საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია დაესწრნენ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრმა გამოცემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა მოგილოცოთ უაღრესად მნიშვნელოვანი დისიდენტური ჟურნალის „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის გამოცემა. ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ უნიკალურ მემკვიდრეობას მკითხველი დღეს სრული სახით იხილავს, რადგან წლების განმავლობაში ჟურნალის ნომრები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა. მათი მოძიება, შეგროვება, ციფრული რესტავრაცია და ერთ გამოცემად გაერთიანება პროფესიონალიზმის, დიდი შრომის და თავდადების შედეგია. მოგეხსენებათ, სწორედ ამაში მდგომარეობს პროექტ „გიგანტური წიგნების“ უნიკალურობაც - სხვადასხვა არქივებში, ფონდებსა და კერძო კოლექციებში გაფანტული ისტორიული მასალები ერთიანდება და საზოგადოებას უბრუნდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის იდეის ავტორებს და განმახორციელებლებს მასალების მოძიებასა და აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.

ჟურნალი „ოქროს საწმისი“ პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა.