„საქართველოს მელიორაციამ“ წყლის მიწოდების 2026 წლის საპროგნოზო რეჟიმები გამოაქვეყნა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საკუთრებაში არსებულ თითოეულ საირიგაციო სისტემასთან მიმართებით საირიგაციო წყლის მიწოდების 2026 წლის საპროგნოზო რეჟიმები გამოაქვეყნა. რეჟიმებში გაწერილია ერთწლიანი
და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით წყლის მიწოდების პერიოდი და ჯერადობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციების შესაბამისად, საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმები 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე დამტკიცდება. საქართველოს მელიორაცია საირიგაციო წყლის მიწოდების საპროგნოზო რეჟიმების განხილვის მიზნით, შესაბამისი რეგიონების მიხედვით საჯარო განხილვებს მოაწყობს. აღნიშნულ შეხვედრებზე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააფიქსირონ საკუთარი წინადადებები მოქმედი რეგულირების ფარგლებში გამოქვეყნებულ საპროგნოზო რეჟიმებთან მიმართებით. კომპანიის მხრიდან მაქსიმალურად იქნება გაზიარებული წყალმომხმარებლების მოსაზრებები საპროგნოზო რეჟიმში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. საჯარო განხილვებს კომპანია ხუთივე რეგიონულ სამსახურში ჩაატარებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
„საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს წყალმომხმარებელს, წინასწარ დაგეგმონ წყალსარგებლობის პერიოდი.
საპროგნოზო რეჟიმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: https://ag.ge/Ge/Regimes