Loading data...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხები კვლავ უნდა განიხილონ სინოდის მომდევნო სხდომაზე და შემდეგ მოხდება პატრიარქობის კანდიდატთა შერჩევა.

„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდეგ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული და საბოლოოდ მოხდება კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, - განაცხადა მეუფე ილარიონმა.

მეუფე ილარიონს კითხვა დაუსვეს, ხომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, რაზეც მეუფე ილარიონმა უპასუხა: „ჯერჯერობით, არაფერი. ეს იქნება სამსჯელო საგანი და შემდეგ გაიგებთ. განათლების საკითხზე არ ყოფილა მსჯელობა“, - აღნიშნა მეუფე ილარიონმა.

მეუფე ილარიონის ინფორმაციით, გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება. შერჩეული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.