Loading data...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში გრძელდება

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში გრძელდება.

მანამდე კრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით დაიწყო. საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება.

კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ხოლო დელეგატები, რომლებიც მონაწილეობენ კრების მუშაობაში, სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.

სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.