Loading data...
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი საფრანგეთში ვიზიტისას, ლევილის ქართულ მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი საფრანგეთში ვიზიტისას ლევილის ქართულ მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

საფრანგეთსა და საქართველოში მომუშავე პროექტის გუნდის წევრებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე.

ლევილის მამულში შატოსა და მედიათეკის შენობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს ლევილის შატოს, ასევე, ე. წ. „პოლკოვნიკ წერეთლის სახლისა“ და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. პოლკოვნიკ წერეთლის სახლსა და ბიბლიოთეკის შენობაში მოეწყობა მედიათეკა. პროექტს ახორციელებს ფრანგული კომპანია Ser Construction-ი.

ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა მუზეუმი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული ოდა, გაშენდება ქართული ვაზი, ფრანგული ბაღი და მოეწყობა ესპლანადა.

კულტურის მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ და დელეგაციის წევრებმა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას.

ლევილის მამულში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, რომლებიც მამულში დაცული სხვადასხვა პერიოდის დოკუმენტაციასა და წიგნად ფონდს გაეცნენ. საუბარი შეეხო ლევილის მამულში ბიბლიოთეკის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს.